
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს აფრიმ გაშის ორმხრივი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პლენარულ სესიაში მისი მონაწილეობის პარალელურად განხორციელდა.
შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ მაკედონიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მნიშვნელობას.
აფრიმ გაშიმ განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ეტაპია.
მისი თქმით, ორი ქვეყნის მოსახლეობამ მეტი უნდა იცოდეს ერთმანეთის შესახებ - მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება, რათა ჩრდილოეთ მაკედონიაში მეტი გაიგონ საქართველოს მდიდარი ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის შესახებ.
მხარეებმა განიხილეს ევროკავშირთან ორი ქვეყნის ურთიერთობები.
აფრიმ გაშიმ ჩრდილოეთ მაკედონიის ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, შემდგომი გადაწყვეტილებების მისაღებად, ევროკავშირის მხრიდან უფრო კონკრეტული, პროგნოზირებადი პროცესის მოლოდინი აქვს.
მან, ასევე, განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მთავარი მიზანი მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ზრუნვა უნდა იყოს, ხოლო ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებისკენ უნდა იყოს მიმართული.
შალვა პაპუაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონელ კოლეგას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ასოცირების შესახებ შეთანხმებას.
მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს მზარდ ეკონომიკაზე, უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებაზე. აღინიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მისწრაფების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება და ურთიერთმხარდაჭერა.
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ განხილვები, აგრეთვე, გაგრძელდეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის.
აფრიმ გაშიმ შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტით მოიწვია.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯიამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილმა.