
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ჰაოსის და ქართლოსის მონუმენტთან შალვა პაპუაშვილი მოსახლეობას შეხვდა და იმ ღირებულებებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აერთიანებს.
„წელს, როდესაც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ საქართველოს ისტორია, კულტურა და სახელმწიფოებრიობა საერთო ფესვებიდან იღებს სათავეს.
ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ მემკვიდრეობას, გავაძლიეროთ ეროვნული ერთობა და მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ის ფასეულობები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეგვინარჩუნა სახელმწიფო. ჰაოსის და ქართლოსის მონუმენტი კი ამ ერთიანობისა და საერთო ფესვების სიმბოლოდ რჩება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა დაათვალიერეს ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის ეპარქიის მუზეუმი და ტაძარი. აგრეთვე ესტუმრნენ საროს მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერს და სახელოსნოს.
ახალციხის მუნიციპალიტეტში სტუმრობისას შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა სოფელ აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი მოინახულეს და ტაძარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ნინო წილოსანი, ილია ინჯია, სოზარ სუბარი, მარიამ ლაშხი, ირაკლი ქადაგიშვილი, დავით მათიკაშვილი, გრეტა წიწავა, ანტონ ობოლაშვილი, სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.