
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. როგორც პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პარლამენტი მუშაობს იმ უფლება-მოვალეობების შესასრულებლად, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ 2024 წლის არჩევნებით დააკისრა.
„უკვე მეოთხე სესიაა, რაც საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი ქართველი ხალხის სახელით და მის საკეთილდღეოდ მუშაობს. მუშაობს იმ უფლება-მოვალეობების შესასრულებლად, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა, საქართველოს მოსახლეობამ, 2024 წლის არჩევნებით დაგვაკისრა. არჩევნებით, რომელიც მოინათლა რეფერენდუმად, რომელსაც მიეცა ყოფნა-არყოფნის განზომილება, რომელზეც საქართველოს მტრულმა ძალებმა დადეს ფსონი, რომ უნდა შეეცვალათ ჩვენი ქვეყნის ისტორია, რეალური დღის წესრიგის ნაცვლად თავს მოეხვიათ ყალბი, ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთული დღის წესრიგი და მოვეტყუებინეთ.
მაგრამ ქართველი ხალხი არ შეცდა. ამომრჩევლის 54%-მა, საქართველოს 1 120 000-მა მოქალაქემ მხარი დაუჭირა საქართველოს მშვიდობიან, სტაბილურ, ძლიერ, სუვერენულ და დამოუკიდებელ მომავალს. მომავალს, რომელსაც მკაფიოდ და მტკიცედ განასახიერებს „ქართული ოცნება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ერთი წლის წინ, წინა ანგარიშის წარდგენისას, პარლამენტში არ იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლობა, რადგან მათ მიმართეს საპარლამენტო საბოტაჟის ყოვლად არაკონსტიტუციურ, არადემოკრატიულ და, როგორც დრომ დაადასტურა, არაეფექტურ ფორმას, როდესაც უარი თქვეს ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატებზე.
„დღეს პარლამენტში გვყავს ერთით მეტი ოპოზიციური ჯგუფი, ფრაქცია „საქართველოსთვის“ სახით. თუმცა, ასევე ვხედავთ, რომ ეს ფრაქცია გაურკვევლობაშია გაჭედილი, ისევე, როგორც დანარჩენი რადიკალური არასაპარლამენტო ოპოზიცია. მათ ერთდროულად უნდათ იყვნენ საქართველოს არჩეული პარლამენტის წევრები და ამავე დროს უარი თქვან არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებაზე. ჩვენ ვისმენდით, რომ მათი პარლამენტში შემოსვლის მიზანი ხელისუფლებასთან „სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო“, მაგრამ, საბოლოოდ, თავად აღმოჩნდნენ თამაშგარე მდგომარეობაში, საკუთარი გაორებული პოლიტიკური მდგომარეობის მძევლად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, მთავარი მიღწევა, რომლითაც მიმდინარე მოწვევის პარლამენტმა შეუძლია იამაყოს, იმ კანონების მიღებაა, რომლებსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიის გაძლიერების და ინსტიტუციური მოწყობის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნების თვალსაზრისით.
„მნიშვნელოვნად გაძლიერდა ხალხის პირდაპირი მანდატი საკანონმდებლო პროცესზე. დღეს კანონებს იღებს ხალხისგან არჩეული ეროვნული საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც აღარ უწევს დემოკრატიული მანდატის გაზიარება არავისგან არჩეულ, ხშირ შემთხვევაში უცხოეთიდან გაუმჭვირვალედ დაფინანსებულ ჯგუფებთან, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის არსს.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინსტიტუციურ ცვლილებებს, სადაც წარსულში ასევე გვქონდა კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებების გამოშიგვნის და ფრაგმენტაციის თავსმოხვეული ტენდენცია. დღეს ეს პრაქტიკა იცვლება. სხვა ცვლილებებთან ერთად, გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და მისი ფუნქციები საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეცა, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ინტეგრირდა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, რვა თვის წინ ამოქმედდა საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რომელმაც უკვე არსობრივად შეცვალა პარლამენტის მუშაობის ეფექტიანობა და შინაარსი.
„განსაკუთრებით უნდა გამოვყო პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება. მაგალითისთვის, ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, ინტერპელაცია, განსაკუთრებით კი პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია უკვე არა გამონაკლისი, არამედ ლამის საპარლამენტო ცხოვრების ყოველდღიურობად იქცა.
რეგლამენტის ცვლილებების ფარგლებში, ასევე, უარი ითქვა არასისტემურ და ხელოვნურ ინსტრუმენტებზე, რომლითაც მანამდე ხორციელდებოდა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია. კერძოდ, საბჭოებისა და თემატური მოკვლევების ნაცვლად, რეგულაციების დახვეწის შედეგად, პირველად ამუშავდა დროებითი კომისიის კონსტიტუციური ინსტრუმენტი. ამჟამად პარლამენტში შექმნილია ორი ამგვარი კომისია - ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია და ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია. ორივე ამ კომისიის მუშაობის ინტენსიურობას საზოგადოება თავად ადევნეს თვალს.
თუმცა, საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებასთან ერთად, საქართველოს პარლამენტი, ტრადიციულად, კვლავ იყო პოლიტიკური ცხოვრების ეპიცენტრში. ვიწრო თუ ფართო რეგიონში არსებული ომებისა და კონფლიქტების ფონზე, მისი ეს როლი სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ბოლო ერთმა წელმა ფუნდამენტური კორექტივები შეიტანა საერთაშორისო პოლიტიკაში. სახელმწიფოთა პოლიტიკაში ეროვნული ინტერესების წინ წამოწევის კვალდაკვალ, დღეს უკვე ნათელია, რომ აღარ არსებობს შავ-თეთრი გეოპოლიტიკური სამყარო, გახუნდა მექანიკური იარლიყები - პროდასავლურობა და ანტიდასავლურობა, პრორუსულობა და ანტირუსობა, სხვასთან მიმართებაში დანახული ყოველგვარი „პრო“ და „ანტი“.
„დღეს არსებობს მხოლოდ ერთი განმსაზღვრელი საზომი - პროქართული და ანტიქართული. ქართულის გარდა ყველა „პრო-ორიენტაცია“ საბოლოო ჯამში არაქართულია, რადგან ის ქვეყნის პოლიტიკას საკუთარ ეროვნულ ინტერესს აშორებს და სხვისი მიზნების ინსტრუმენტად აქცევს. და ეს უნდა ითქვას ღიად, ნათლად და გადაწყვეტით: ჩვენი ქვეყნის მართვის საკითხებში არ არსებობს პროევროპულობა და ანტიევროპულობა, პროდასავლურობა და ანტიდასავლურობა, პრორუსობა და ანტირუსობა. არსებობს მხოლოდ ქართულობა და ანტიქართულობა, ეროვნული ინტერესების ერთგულება და ეროვნული ინტერესების ღალატი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ჩვენ ევროპის დამფუძნებელი ნაწილი ვართ. მისი ღირებულებები, იდეები და ესთეტიკა ჩვენთვის არც ნასესხებია და არც ხელოვნურად შეთვისებული, ისინი ჩვენი ისტორიის, კულტურისა და თვითმყოფადობის ორგანული ნაწილია.
„ევროპა ჩვენთვის არის არა გეოპოლიტიკური პროექტი ან ბიუროკრატიული ერთობა, არამედ ღირებულებითი და ცივილიზაციური სივრცე, რომელიც ქართველების ხელითაც არის შექმნილი. სივრცე, რომელსაც ისტორიულად სხვადასხვა პოლიტიკური და ინსტიტუციური ფორმა ჰქონდა. ევროკავშირი ევროპის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ის არც პირველია და არც უკანასკნელი.
ის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის, არ ნიშნავს, რომ საქართველო ევროპა არ არის ან ვინმეზე ნაკლები ევროპაა. ამიტომ ვერც ბრიუსელისგან და ვერც ევროკავშირის სხვა დედაქალაქისგან ვერ მივიღებთ მენტორულ ტონს, როცა საუბარია ევროპულ ღირებულებებზე - იმ ღირებულებებზე, რომელთა დაცვაშიც საქართველო ხშირად მარტო იდგა ისტორიის ყველაზე მძიმე მონაკვეთებში.
ლოზუნგი „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი!“ თავისი დროის პირმშო იყო, როდესაც „რკინის ფარდის“ წყალობით საქართველოსა და ევროპას შორის გაჩნდა ისეთი გეოპოლიტიკური, ინსტიტუციური და ეკონომიკური ნაპრალი, რომ, ამ ორი ცნების დასაკავშირებლად, „მაშასადამე“ თითქოს აუცილებელი გახდა. დღეს ქართველების ევროპელობას „მაშასადამე“ აღარ სჭირდება, ვინაიდან აღარავისთვის არის სამტკიცებელი, რომ ევროპის თანაშემოქმედი საქართველო თავადაც არის ევროპა. ყველა, ვინც საქართველოს ევროპელობას დანამატებში და არა თავად საქართველოში ხედავს, საკუთარ სახელმწიფოს აკნინებს და სხვას უქვემდებარებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ ევროკავშირის წევრობა არავის უნდა აძლევდეს უფლებას, მენტორული ტონით ესაუბროს ქართველ ხალხს და ქედმაღლურად უკარნახოს, როგორი უნდა იყოს მისი არჩევანი.
„სწორედ ამიტომ, საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს. ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს.
ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის, რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობა დაუბრუნდეს იმ ღირსეულ ჩარჩოს, რომელშიც ის უნდა ვითარდებოდეს.
უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს დემოკრატიას, ანუ ხალხის მმართველობას. ქართველი ხალხისთვის პოლიტიკური ნების გარედან თავს მოხვევა, ან მის ნაცვლად „ქართველი ხალხის“ სუროგატის შექმნის მცდელობა, დემოკრატიის უხეში უარყოფაა. მისი დღევანდელი პოლიტიკით, ბრიუსელი ქართული დემოკრატიის შემაფერხებელია და არა ხელშემწყობი.
მეორე, ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს სამართლის უზენაესობას. ბრიუსელი საკმარისზე მეტად დამარცხდა საერთაშორისო სასამართლოებში ქართულ მართლმსაჯულებასთან, იმისთვის, რომ დღეს კვლავ ქედმაღლურად ეჭვქვეშ აყენებდეს მის გადაწყვეტილებებს. დამარცხდა სტრასბურგში სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, ახალაიას, „რუსთავი 2“-ის საქმეებში; დამარცხდა პარიზის და ვაშინგტონის არბიტრაჟებში ხაზარაძის საქმეში. ყველა იმ საქმეში, რომელსაც წლების განმავლობაში პოლიტიკურ დევნად წარმოაჩენდნენ, საბოლოოდ სამართალმა სხვა რამ თქვა. ამის შემდეგაც იგივე ბრალდებების გამეორება უკვე სამართლის უზენაესობის დაცვა კი არა, უბრალოდ პოლიტიკური პროპაგანდაა. ამიტომ, ბრიუსელმა საბოლოოდ და მკაფიოდ უნდა დაადასტუროს მისი ერთგულება სამართლის უზენაესობის მიმართ და გაემიჯნოს ძალადობასა და პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებს, როგორც პოლიტიკის წარმოების ინსტრუმენტს.
დაბოლოს, უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია და ანტიქართული რიტორიკა. პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც სიმართლის ნაცვლად პოლიტიკური ნარატივები დომინირებს.
თუ ევროკავშირს ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, პატივი სცეს მის დემოკრატიულ არჩევანს და პატივი სცეს იმ ღირებულებებს, რომლებსაც ევროპული ღირებულებები ჰქვია. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობა გვჭირდება საქართველოს თავისუფლების, უსაფრთხოების და კეთილდღეობის გასამყარებლად და არა პირიქით. ჩვენ ვეძებთ ისეთ ურთიერთობას ევროკავშირთან თუ სხვებთან, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობაზე, საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე და არა უპირობო მორჩილებაზე.
„თითოეულმა ქართველმა უნდა გავიაზროთ, რომ თუ გვინდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, თუ გვინდა ეროვნული სუვერენიტეტი, თუ გვინდა აღვასრულოთ ილიას სიტყვა და „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, თითოეული ჩვენი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება უნდა გავზომოთ მხოლოდ ერთი საზომით - ეროვნული ინტერესით.
ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვა ყველას ვალია. ეს ყველას გვესმის. თუმცა დღეს სუვერენიტეტი აღარ არის მხოლოდ დროშა, ჰიმნი, ან გაერო-ს წევრობა. დღეს დამოუკიდებლობის დაცვა ნიშნავს სახელმწიფოს შინაარსის დაცვას - ხალხის უფლებას, თვითონ განკარგოს თავისი ბედი და არა უცხოეთმა.
მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის რყევამ დაგვანახა, რომ არ არსებობენ მუდმივი მოკავშირეები და მეგობრები, არსებობს მუდმივი ეროვნული ინტერესები, რომლებიც ქვეყანამ ნებისმიერ ფასად უნდა დაიცვას. ამ ინტერესების განუყოფელი ნაწილია ჩვენი პოლიტიკის გარედან დაცულობა - ჩაურევლობა. სწორედ ესაა დამოუკიდებლობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, დამოუკიდებლობა დღეს არანაკლებ ძნელია, ვიდრე ორმოცი წლის წინ. დღეს დამოუკიდებლობას ხელახლა გვართმევენ და სწორედ ამიტომ არის ამგვარი გააფთრებული წინააღმდეგობა, როცა ვცდილობთ დავიცვათ სუვერენიტეტი და საქართველო.
„ბოლო პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მივიღეთ უცხოური დაფინანსების შესახებ ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც არის სამართლებრივი გარანტია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას გარედან ვეღარავინ შეეხება. ეს კანონი არის იმ ბრძოლის ლოგიკური გაგრძელება, რომელსაც სახელმწიფო უკვე რამდენიმე წელია აწარმოებს გარე ჩარევის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, როგორც ეს ამ საუკუნის უდიდესმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა - უკრაინის ომმა გვაჩვენა: როდესაც ქვეყანა დროულად არ იცავს საკუთარ სახელმწიფოს შიგნიდან და გარედან, მის ბედს სხვები წერენ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თითოეული დღე, რომელიც ომის დღის წესრიგით თენდება, ამძაფრებს გეოპოლიტიკურ კრიზისს და აღრმავებს უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემის ეროზიას.
„ჩვენ ვხედავთ სრულ უუნარობას, გადაიდგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები, რომელიც დაასრულებდა ომს, უკრაინელი ხალხის ტანჯვას და მათი სახელმწიფოს ნგრევას.
ოთხი წლის წინ საქართველო მზად აღმოჩნდა, ხმამაღლა ეთქვა უარი ომის ლოგიკაზე, დამდგარიყო მშვიდობის მხარეს და კრიზისის პოლიტიკურ ეპიცენტრში დაებრუნებინა მთავარი ცნება - საქართველოს ეროვნული ინტერესი, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი განმსაზღვრელი და მდგენელი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა არჩევნების შედეგებზე და ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხალხის ნების შეცვლა იმ ძალებმა განიზრახეს, რომელთაც საქართველოს დაპატრონება, მარიონეტული მმართველობის დამყარება და ქვეყნის სასურველ სცენარებში გამოყენება სურთ.
„სწორედ მათ წააქეზეს რადიკალური ოპოზიცია არჩევნების შედეგების არმიღებაზე, არაღიარებაზე, ბოიკოტზე, კრიზისის შექმნაზე, ძალადობრივ აქციებზე, ექსტრემიზმზე, ახალგაზრდების წინა ხაზზე მიშვებასა და რევოლუციური სცენარის აგორებაზე.
მაგრამ აქაც, ჩვენ კვლავ ვნახეთ, რომ ქართული სახელმწიფო აღმოჩნდა მტკიცე, გონიერი და მყარი. ისინი ვერ მოგვერივნენ, მაგრამ რადგან ზეწოლას ქართველებისვე ხელით ახორციელებენ, მათთვის უშედეგო პროცესიც მისაღებია. წლების განმავლობაში იმიტომაც აფინანსეს ქსელური აქტივიზმი, რომ სწორედ ასეთ დროს გამოიყენონ და შენახული აქტივები მიზანმიმართულად დახარჯონ.
სწორედ ამ პროცესმა მიიყვანა ქვეყანა 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობამდე და შიდა ტერორიზმის გამოვლინებამდე. არჩევნების დღეს ქვეყნის აყირავების მცდელობა და რევოლუციური სცენარის ინსპირირება კარგად ნაცნობი მეთოდია. ასე მოხდა 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე სააკაშვილის გამოყენებით და ასე მოხდა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზეც ბურჭულაძის ხუთეულის გამოყენებით.
ტერორისტული რევოლუციის სამარცხვინოდ დამარცხებული მცდელობიდან ხუთი თვე გავიდა. მორიგ ჯერზე ჩავარდნილი ამ სამარცხვინო პროცესის პასუხად, ნაცვლად დემოკრატიისა და სამართლიანობის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი განცხადებების მოსმენისა, მომხდარის დაგმობისა, ძალადობისგან ცალსახა გამიჯვნისა და სათანადო მოწოდებისა, ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან სრულ წაყრუებას, გატრუნვას და ზურგის შექცევას.
ეს დუმილი შემთხვევითი არ არის. მისი სიღრმისეული მიზეზია დემოკრატიულ ღირებულებებში კრიზისი, საერთაშორისო ლიბერალური წესრიგის რღვევა და ევროკავშირის მზარდი უუნარობა, გაუმკლავდეს საკუთარ შიდა გამოწვევებს. თუმცა, ამის პარალელურად, ისინი კვლავ ცდილობენ საქართველოს ხელისუფლების დასუსტებას, ნამდვილი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და გამოხატვის შესაძლებლობის აღკვეთას. ეს კეთდება ღიად და დაუფარავად. ამის მაგალითებს ვხედავთ ყოველდღე - ხან სახელმწიფო დროშის დღის ცინიზმით „მოლოცვით“ და ხან თავისუფალ მედიაზე უსაფუძვლო, გაუმართლებელი და არაპროვოცირებული თავდასხმით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, მუდმივი კრიზისი, მუდმივი წნეხი და მუდმივად არეულობის მცდელობა ერთ მიზანს ემსახურება: განუწყვეტელი თავდასხმების ფონზე საქართველომ დაკარგოს პოლიტიკური მანევრის სივრცე, ვერ შეძლოს ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის სტრატეგიულ მიზანზე კონცენტრირება და აღმოჩნდეს კაბალურ დამოკიდებულებაში.
„ცივილიზაციური ტრაგედიაა, რომ სწორედ ამ მიმართულებით იკითხება დღევანდელი ბრიუსელის პოლიტიკაც საქართველოს მიმართ.
შეუძლებელია ევროკავშირი გადარჩეს ასეთი პოლიტიკით. ევროკავშირი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ევროპა, რომლის თანაშემოქმედიც ჩვენ ვართ, სრულიად სხვა ფასეულობებსა და ფესვებზე დგას. ჩვენ ეს ვიცით, რადგან ვიცით ისტორია - საიდან დაიწყო, რა გაიარა და სად მოვიდა. ამიტომ ჩვენ არ ვდგავართ ცალ ფეხზე, როგორც ეს ზოგიერთს სურდა, სხვის სახლში შეშვების ყელგამოწეული მსურველივით, არამედ ვდგავართ, როგორც საკუთარ სახლში მცხოვრები, ავის და კარგის გამრჩევი, ღირებულებებსა და რწმენაში მტკიცე ერი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ვერავითარი არჩევანი საკუთარი იდენტობის, მრწამსის და თვითმყოფადობის დათმობის ხარჯზე ვერ გვექნება.
„ჩვენ ვართ ერი, რომელმაც ქრისტიანული რწმენა საუკუნეების განმავლობაში მარტოებმა, მტრულ გარემოში, ქრისტიანულ სამყაროს მოწყვეტილებმა გამოვატარეთ და დღემდე მოვედით. ვერავითარი არჩევანი საკუთარი იდენტობის, მრწამსის და თვითმყოფადობის დათმობის ხარჯზე ჩვენ ვერ გვექნება.
ეს არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი მიწა, ჩვენი წინაპრების ნაფეხურები და ჩვენი შვილების მომავალი.
წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს. ეს იქნება განსაკუთრებული წელი, როდესაც შეგვეძლება კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ თუ ვინ ვართ დღეს, რანი ვიყავით გუშინ და რანი ვიქნებით ხვალ. ეს არის მადლიერების წელი ღვთის მიმართ, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა და მომავლის გააზრების წელი, თუ როგორ უნდა გავიაროთ ის ახალი ჟამი, რომელიც სწორედ ახლა, ჩვენს თვალწინ იბადება.
ამ საიუბილეო წელს ამ ტრიბუნიდან განსაკუთრებით ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომლის ჯანმრთელობისა და მხნეობისთვის დღეს მთელი საქართველო ლოცულობს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ამ რთულ დროში ჩვენი გზამკვლევი და მომავლის ჩირაღდანი ისევ ის საუნჯეა, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს - მამული, ენა და სარწმუნოება.
„გვსურს დავარწმუნოთ ჩვენი ამომრჩეველი და ყველა ჩვენი მოქალაქე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა, მისი სიძლიერე და სიმტკიცე, იყო, არის და იქნება ქვეყნის დაცულობის და უსაფრთხოების მთავარი სტრატეგია, რომლის პირდაპირი მანდატიც გვაქვს ქართველი ხალხისგან. ამ მტკიცე ჯაჭვს ვერავითარი გარე ძალა, უცხოური ინტერესები და მეხუთე კოლონა ვერ გაწყვეტს.
ამ რთულ დროში კი ჩვენი გზამკვლევი და მომავლის ჩირაღდანი ისევ ის საუნჯეა, რაც დაგვიტოვეს წინაპრებმა - ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება.
საქართველო უპირველეს ყოვლისა - ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელიც და ჩვენი მთავარი იდეოლოგიაც.
ყველას გისურვებთ სამშობლოს ერთგულებით, ერთობითა და სიყვარულით საქმიანობას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოში ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელი პირები, კონსტიტუციური ორგანოების, დედაქალაქის მერიის, საკრებულოს და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები.