საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

სპორტის კომიტეტის სხდომაზე პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს მოუსმინეს

მედია და საზოგადოება 14 აპრილი 2025
სპორტის კომიტეტის სხდომაზე პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს მოუსმინეს

სპორტის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რატი იონათამიშვილმა კომიტეტის მიერ 2024 წელს განხორციელებულ და 2025 წელს დაგეგმილ საქმიანობაზე ინფორმაცია წარადგინა.

 

მისი თქმით, კომიტეტის მისიაა პარალიმპიელმა სპორტსმენებმა საკუთარი უნარების და შესაძლებლობების რეალიზება შეძლონ.

 

ასევე მნიშვნელოვანია მწვრთნელების, ექიმების, პირადი დამხმარეების აღნიშვნა, რომლებიც სპორტსმენებს ამ შედეგების მიღწევაში ეხმარებიან.

 

რატი იონათამიშვილის განცხადებით, პარალიმპიური კომიტეტი 2003 წელს დაფუძნდა და მისი პრიორიტეტებია: პარალიმპიურ თამაშებზე ღირსეული მონაწილეობა; ახალგაზრდა პარაათლეტების მოძიება და მათი პარალიმპიურ მოძრაობაში ჩართვა; საქართველოში უმაღლესი დონის საერთაშორისო ტურნირების ჩატარება; პარალიმპიური მოძრაობის პოპულარიზაცია და შშმ სპორტსმენების დაცვა დისკრიმინაციისგან.

 

კომიტეტის პრეზიდენტმა სპორტის ის სახეობები ჩამოთვალა, სადაც ქართველი პარალიმპიელები მონაწილეობენ, ასევე საანგარიშო პერიოდში ჩატარებულ ტურნირებსა და სპორტულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

 

„ჩვენი მიზანი პარალიმპიური მოძრაობის პოპულარიზაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ამ მხრივ, ორი მისია გვაქვს - როგორც სპორტში მაღალი მიღწევები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ გარკვეული სტერეოტიპების მსხვრევა და შშმ პირი სპორტსმენების დისკრიმინაციისგან დაცვა. რაც შეეხება სპორტის სახეობებს, რასაც დღეისათვის საქართველოში ვავითარებთ, უნდა აღინიშნოს, რომ სპორტის 6 სახეობაში გვაქვს მედლები, რაც დიდ მიღწევად უნდა მივიჩნიოთ. ჩვენ არ ვჩერდებით იმ შედეგებზე, რაც გვაქვს და ვმუშაობთ, რომ იგი მუდმივად განვავითაროთ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

კომიტეტის პრეზიდენტის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პარალიმპიელების სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენით, მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი.

 

მომხსენებელმა ბოლო პერიოდში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, პარალიმპიური სპორტის სტატუსი კანონის დონეზე ოლიმპიური სპორტის სტატუსს გაუთანაბრდა. მისივე თქმით, გათანაბრება ასევე შეეხო პარალიმპიელების პრემიებს, მათი მწვრთნელების და ექიმების ანაზღაურებასაც.

 

რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, რატი იონათამიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება 400%-ით გაიზარდა და 850 ათასი ლარიდან 3.5 მლნ. ლარი გახდა.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ სანიკიძემ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს აღნიშნულ თანამდებობაზე ხელმეორედ არჩევა მიულოცა და პარალიმპიელებს სამომავლო საქმიანობებში წარმატებები უსურვა.

 

სპორტის კომიტეტის სხდომას და პარალიმპიური კომიტეტის ანგარიშის პრეზენტაციას პარასპორტსმენები დაესწრნენ.