
სპორტის კომიტეტის სხდომაზე სპორტის ფსიქოლოგიასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
ა(ა)იპ უზნაძის სახელობის მაღალ შედეგიანობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ანა არველაძემ და სსიპ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან ინასარიძემ კომიტეტის წევრებს სპორტის ფსიქოლოგიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია გააცნეს.
როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, სპორტის ფსიქოლოგია სპორტსმენთა ფიზიკური და მენტალური მომზადების მნიშვნელოვანი ასპექტია და იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს შეჯიბრებებსა და ორთაბრძოლებში სპორტსმენების მენტალური და ემოციური მომზადების საკითხში.
ანა არველაძის თქმით, სპორტის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ცნობიერების ამაღლების პრობლემაა.
„დღეს საქართველოში სპორტის ფსიქოლოგია პირველ ნაბიჯებს დგამს და შესაბამისად, მრავალი გამოწვევაა. სპორტსმენთა მაღალი შედეგიანობის მისაღწევად სახელმწიფოს მხრიდან დიდი ინვესტიციები იდება, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სპორტის ფსიქოლოგიის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად სტრატეგიული ნაბიჯები გადაიდგას“, - აღნიშნა ანა არველაძემ.
საქართველოში სპორტის ფსიქოლოგიის, მისი განვითარების და ხელშეწყობის შესახებ დისკუსია გაიმართა. კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებმა აღნიშნულ თემაზე მოსაზრებები გამოთქვეს.
კომიტეტის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პირველ ეტაპზე სპორტის ფსიქოლოგიის შესახებ მომზადება მწვრთნელებმა გაიარონ, რადგან მათ უშუალო შეხება აქვთ სპორტსმენებთან. მისივე მოსაზრებით, ნებისმიერ სპორტულ სახეობას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და ფედერაციებმა სპორტის ფსიქოლოგიის დანერგვა ეტაპობრივად უნდა განახორციელონ.
სხდომაზე განხილული საკითხი კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი მეძმარიაშვილმა შეაჯამა.
„ყველა საკითხი ერთიანად ვერ გადაწყდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტის სხდომაზე არაერთი მოსაზრება გამოითქვა და სხვადასხვა მიდგომა გამოვლინდა. სპორტულ ფედერაციებს სპორტის ფსიქოლოგიის ცნობიერების ამაღლების მიზნით დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ და ახალი სპორტული სეზონიდან კომიტეტი საკითხის ხელშეწყობის მიზნით არაერთ აქტივობას და ღონისძიებას განახორციელებს“, - განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა და საკითხის მომხსენებლებს და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს განხილვის პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.