
ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს, კრისტი მორდჰორს შეხვდა.
ბიძინა გეგიძემ პოლიტიკურ ოფიცერს ფრაქციის შემადგენლობა და კანონშემოქმედებით საქმიანობაში ფრაქციის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
„შეხვედრაზე, საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს, ახლადშექმნილი ფრაქციის სამომავლო საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები გავაცანი. ფრაქცია ძირითადად თბილისის მაჟორიტარებით არის დაკომპლექტებული და ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება დედაქალაქში ჯანსაღი სივრცეების შექმნა და თბილისში არსებული პრობლემების მოგვარების უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება წარმოადგენს. ფრაქცია ასევე მუშაობს თავდაცვისა და უსაფრთხოების თემებზე და სამხედრო ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება თუ რა ინიციატივებით მივმართავთ პარლამენტს. სწორედ აღნიშნულ თემაზე საინტერესო იქნება ამერიკელი ექსპერტების რეკომენდაციების და გამოცდილების გაცნობა, რაშიც კრისტი მორდჰორი დახმარებას დაგვპირდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ როგორც ფრაქცია ასევე აშშ-ის საელჩო ურთიერთთანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს. დასასრულს, ფრაქციის წევრების ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის გეგმებიც განვიხილეთ“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.