ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრებს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა.
მისი განცხადებით, მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ წლის მეორე ნახევარში ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა განაპირობა.
„გასულ წელს ბიუჯეტი დავგეგმეთ 5.2%-ის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე, თუმცა რეალურად, ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ეს თავიდან განისაზღვრა. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის საბოლოო პროგნოზი 9% იყო, ნაცვლად 5.2%-ისა. საგადასახადო შემოსავლებიც გაიზარდა 23 მილიარდ 260 მილიონ ლარამდე, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი განისაზღვრა 90.9 მილიარდი ლარის ოდენობით. მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლებლობა მოგვცა წლის მეორე ნახევარში ბიუჯეტი შეგვეცვალა. დაახლოებით 900 მილიონით გავზარდეთ ბიუჯეტის მოცულობა და სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობამ 26 მილიარდ ლარს მიაღწია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
„ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დადებითად შეაფასა.
„აღსანიშნავია, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და სტაბილური მაკროეკონომიკური პარამეტრები შენარჩუნდა. დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო, ბიუჯეტში დამატებით, დაახლოებით, ერთი მილიარდი ლარი აკუმულირდა, რამაც საშუალება მოგვცა მთელი რიგი პრიორიტეტული მიმართულებები დაგვეფინანსებინა“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
