კულტურის კომიტეტმა „დიზაინის შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონებში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა „დიზაინის შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონებში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა და მის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი ერთხმად დაუჭირა.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად, კომიტეტის წევრებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა გააცნო.
კანონპროექტით წესრიგდება დიზაინის გასაჯაროებასთან, დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებთან, დიზაინის ხელახალ ექსპერტიზასთან, საქპატენტის მეშვეობით საერთაშორისო განაცხადის წარდგენასთან, დიზაინერის სახელის უფლებასთან, დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობასა და დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის უკუძალასთან დაკავშირებული საკითხები.
პირველი მოსმენით განხილვის შემდგომ კანონპროექტით ასევე განისაზღვრება „წინასწარი ძიების სერვისი“.
„მომხსენებელსა და საქპატენტთან აქტიური კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „დიზაინის შესახებ“ კანონპროექტში „წინასწარი ძიების სერვისი“ შევიტანოთ. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც დიზაინის პროექტის რეგისტრაცია სურს, შესაძლებლობა ექნება საქპატენტს მიმართოს და მოითხოვოს ინფორმაცია, არის თუ არა მსგავსი დიზაინი საქართველოში ან საზღვარგარეთ შესაბამის სივრცეში რეგისტრირებული, რათა ტყუილად არ გახდეს დასახარჯი გარკვეული თანხა. შესაბამისად, ეს განმცხადებელს დაეხმარება, დიზაინის რეგისტრაციის პროცესში წინასწარ შეაფასოს მასთან დაკავშირებული რისკები“, - განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ.
მომხსენებლის, მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა შეეხება დიზაინის სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებისთვის ეფექტიანი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩოს შექმნას, რაც მნიშვნელოვანია მისი სწორად და ოპტიმალურად წარმართვისათვის.
„წინასწარი ძიება არის სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, შესაბამისი დაინტერესებული პირის ინფორმირებულობას, თუ რამდენად შეიძლება ჰქონდეს მის სადიზაინო განაცხადს იმის შესაძლებლობა, დიზაინად იქცეს და შესაბამისი უფლებით იყოს დაცული და მეორე მხრივ, ეს სერვისი ზედმეტი ხარჯებისგან გაათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს მომდევნო ეტაპზე, თუ მას წინასწარ ექნება უკვე მოძიებული ინფორმაცია იმის თაობაზე, იმსახურებს თუ არა ეს დიზაინი შესაბამისი დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს“, - განაცხადა მომხსენებელმა.
სხდომაზე, ასევე, მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ცვლილებები ინტერნეტ სივრცეში საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის შემთხვევაში სწრაფი რეაგირების მექანიზმის შემოღებას ისახავს მიზნად. ამასთან, შესაბამისი პასუხისმგებლობა წესდება შუალედური მომსახურების მიმწოდებლებისთვის.
მომხსენებლის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, პირველი მოსმენით განხილვის შემდგომ გათვალისწინებულია კომიტეტის მიერ გამოთქმული შენიშვნა, რომელიც მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებას ეხებოდა და საავტორო და მომიჯნავე უფლებისგან დამოუკიდებლად, უფლებას გულისხმობს.
