პარლამენტმა „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, 90 ხმით, ერთხმად მიიღეს „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის თანახმად, საგარეჯოს, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში, 21 761 ჰექტარზე, ცივ-გომბორის ეროვნული პარკი შეიქმნება. ასევე, შეიქმნება - სიღნაღის აღკვეთილი, 554 ჰექტარზე და ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტი, 17 562 ჰექტარზე.
კანონპროექტი უფლებამოსილებებს ითვალისწინებს აღნიშნული დაცული ტერიტორიების მართვასთან დაკავშირებით და თითოეულ დაცულ ტერიტორიაზე დაშვებულ საქმიანობებს განსაზღვრავს.
ცივ-გომბორის ეროვნული პარკის და სიღნაღის აღკვეთილის მართვას სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო განახორციელებს, ხოლო ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მართვას, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტი.
სახელმწიფო ტყის მართვას, რომელიც ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის შემადგენლობაში შედის, კვლავ სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო განახორციელებს.
აღნიშნული კანონიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის საფუძველზე ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ენიჭება სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება.
