დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტი „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW“), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი (საქართველოს მწვანე მიმართულებაზე გადასვლა) ფაზა I)“ განიხილა.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველო გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებთან 2018 წლიდან თანამშრომლობს ენერგოსექტორის განვითარების მიზნით საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადების და სტრატეგიების შემუშავების კუთხით.
ამ მიმართულებით რამდენიმე ფაზა უკვე შესრულებულია. ამჯერად, საქართველოს „მწვანე მიმართულებაზე გადასვლის“ პროგრამის ეტაპობრივად განსახორციელებლად, რაც გარდა ენერგეტიკისა, გულისხმობს სითბური აირების განფასებას, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის დანერგვას, სოციალურად მოწყვლადი ოჯახების ხელშეწყობას, განახლებადი ენერგიის მწარმოებელთა ხელშეწყობას, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი („KfW“) 100 მლნ ევროს გამოყოფს.
სწორედ ამას ითვალისწინებს წარმოდგენილი სარატიფიკაციო შეთანხმება, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
