ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს.
საკითხი განსახილველად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ წარადგინა.
კანონპროექტი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლებში ცვლილებებს ითვალისწინებს, რომელთა მოქმედი რედაქციები მშვილებლის/მინდობით აღმზრდელის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისთვის სავალდებულო წინაპირობად ამ პირთა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადასტურებლად, შესაბამისი სარეიტინგო ქულის ამსახველი ამონაწერის წარდგენას განსაზღვრავს.
შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შვილად აყვანის წესით განისაზღვრება შვილად აყვანის მსურველ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტების ნუსხა, რომლითაც დასტურდება სტაბილური ოჯახური გარემოსა და ბავშვის სათანადო აღზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა და ამ დოკუმენტაციის წარდგენის პირობები.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, პროცესის პირველ ეტაპზე - შვილად აყვანის მსურველი პირის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის დროს და მომდევნო ეტაპზე - შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე თანხმობის გაცხადებისას, მინისტრის ბრძანებით დადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაძლებელი იქნება დადგინდეს მშვილებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მდგრადობა, რაც სხვა გარემოებებთან ერთად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების მიზანს ემსახურება.
გარდამავალი რეგულაციების სახით, კანონპროექტი ცვლილების ამოქმედების დროისთვის მშვილებელთა რეესტრში აღრიცხულ პირებზე ახლებური მიდგომის გავრცელების თავისებურებებსაც ითვალისწინებს.
2026 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, მშვილებლად რეგისტრირებული პირის მიმართ დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე მის მიერ თანხმობის გაცხადების ეტაპამდე, ხოლო შვილად აყვანის პროცედურები ზოგადი წესის შესაბამისად გაგრძელდება.
მშვილებლად რეგისტრირებული პირი, რომელსაც არ გაუვლია შვილად აყვანის სავალდებულო მოსამზადებელი კურსი, ვალდებული იქნება, გაიაროს აღნიშნული კურსი და მისი გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი სასამართლოში წარდგენამდე სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს წარუდგინოს.
