კულტურის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2024 წლის ანგარიში მოისმინა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2024 წლის ანგარიშები მოისმინეს.
ანგარიშები დეპუტატებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ წარუდგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, 2024 წელი ტელევიზიისთვის ისტორიული მნიშვნელობის იყო, ვინაიდან პირველი არხის ახალი, ულტრათანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობის მშენებლობა დასრულდა და საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ შენობაში გადავიდა. ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ახალი შენობა ადაპტირებულია არა მხოლოდ სატელევიზიო, რადიო და ონლაინ მაუწყებლობისთვის, არამედ კინოწარმოებისთვისაც დიდ შესაძლებლობებს ქმნის.
მომხსენებელმა პროგრამულ პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაუწყებლის პრიორიტეტს შემეცნებით-გასართობი, საბავშვო და ახალგაზრდული, ასევე სპორტული პროგრამები წარმოადგენს. მან განსაკუთრებული ყურადღება იმ პროექტებზე, ფილმებსა და შოუებზე გაამახვილა, რომლებსაც მაუწყებელი მაყურებელს სთავაზობს.
ვასილ მაღლაფერიძემ ყურადღება სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მიზნად ისახავს პროგრამული პოლიტიკის გაძლიერებას და ახალი პროექტების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს ხარისხიანი და მრავალფეროვანი პროდუქტის შექმნას.
კომიტეტმა მოსმენილი ანგარიშები დადებითად შეაფასა.
