პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სხდომაზე „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის“ ტერმინთან დაკავშირებულ რეკომენდაციაზე იმსჯელეს

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის რიგით მეოთხე სხდომაზე იმ რეკომენდაციაზე იმსჯელეს, რომელიც პოლიტიკის დოკუმენტებში ტერმინ „გენდერის“ „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის“ ტერმინით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.
კომისიის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, 2025 წლის აპრილში საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, შესაბამისი კანონებიდან ტერმინ „გენდერის“ ამოღება მოხდა, თუმცა, პოლიტიკის დოკუმენტებში დღემდე გამოიყენება ტერმინები „გენდერი“ და „გენდერული".
კომისიის სხდომაზე გამოთქმული რეკომენდაციით, რელევანტურმა უწყებებმა პოლიტიკის დოკუმენტებში, ტერმინი „გენდერი“ სასურველია ჩაანაცვლონ - „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის“ ტერმინით.
„პოლიტიკის დოკუმენტების მომზადებისას, ასევე, ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესში ტერმინები „გენდერი“, „გენდერული" უნდა ჩანაცვლდეს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ტერმინით „ქალისა და მამაკაცის თანასწორობა“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
კომისიის სხდომაზე ასევე განიხილეს და მხარი დაუჭირეს ოპოზიციის კვოტით, ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრების - ქეთევან ბაკარაძის და თამარ ხვედელიანის გაწევრიანების საკითხს.
სხდომას მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსი ნიკო თათულაშვილი, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ფინანსთა სამინისტროს და აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
