პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს, რომელიც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ წარადგინა.
„2025 წელს განვაახლეთ სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტი, რომლის მთავარ პრიორიტეტად დაზარალებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია, უსაფრთხოების განცდისა და კანონის უზენაესობის რწმენის გაძლიერება საზოგადოებაში და დანაშაულის პრევენცია რჩება“, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა.
როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქცია ის ძირითადი ინდიკატორია, რომელიც ზუსტად ასახავს ქვეყნის კრიმინოგენულ მდგომარეობას, დანაშაულზე რეაგირების დროულობას და გამოწვევებს.
მისი თქმით, 2025 წელს მაღალი იყო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი, რომელიც 25 086 პირს შეეხო და წინა წლებთან შედარებით, მკვეთრი მატებით იყო გამორჩეული.
„2025 წელსაც, ისევე როგორც წინა 5 წელს, თითქმის უცვლელი იყო გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკა - როგორიცაა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ნარკოტიკული დანაშაული და ოჯახში ძალადობა. სისხლისსამართლებრივი დევნა ყველაზე მეტჯერ ნარკოტიკულ დანაშაულზე დაიწყო, რომლის წილმა 19,7% შეადგინა.
წინა წელთან შედარებით, ამ დანაშაულზე დევნის დაწყების მაჩვენებელი ორჯერ გაიზარდა, რის გამოც გავრცელებული დანაშაულების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა“, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა.
როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მხრიდან ამნისტიისა და პროკურორის მხრიდან დევნის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენება ხელს უწყობს ბრალდებულს, მიიღოს მეორე შანსი და ნასამართლობის გარეშე გააგრძელოს ცხოვრება.
„2025 წელს ყველაზე მეტჯერ სისხლისსამართლებრივი დევნა თაღლითობის ფაქტებზე შეწყდა ამნისტიის გამოყენების, დევნის ალტერნატიული მექანიზმებისა და სხვა საფუძვლებით. მას მოსდევს ძალადობის, დოკუმენტების გაყალბების, ქურდობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტები“, - აღნიშნა მომხსენებელმა.
როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, სისხლის სამართლის პოლიტიკა კარგად ჩანს აღკვეთის ღონისძიების სახეების გამოყენების პრაქტიკაში.
„ბოლო 6 წლის განმავლობაში იმ პირთა რაოდენობა გაიზარდა, რომელთა მიმართ პროკურორმა იშუამდგომლა აღკვეთის ღონისძიების შეფარდება. მაგალითისთვის, თუ 2020 წელს დაახლოებით 15 000 პირის მიმართ იქნა მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, 2025 წელს ამ მაჩვენებელმა - 23 000-ს გადააჭარბა. მიუხედავად ზრდის ტენდენციისა, საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების წილი კლებადია. პროკურატურა მომავალშიც მხარს დაუჭერს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების შემცირების პოლიტიკას.
2025 წელს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოში შესული შუამდგომლობების საერთო რაოდენობიდან, პატიმრობა მოთხოვნილია ბრალდებულთა 35,1%-ის, არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება - 64,9%-ის მიმართ“, -აღნიშნა მომხსენებელმა.
მისი თქმით, საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის რაოდენობაზე გავლენას ახდენს ოჯახური დანაშაულის მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარების პრაქტიკაც, რის გათვალისწინებითაც, ოჯახურ დანაშაულზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის წილმა 87% შეადგინა.
გიორგი გვარაკიძემ გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ბრალდების მხარდაჭერის შედეგებზე და აღნიშნა, რომ 2025 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განაჩენი გამოტანილია 20 922 პირის მიმართ, რაც წინა 5 წელთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის მიზეზი ცალკეული დანაშაულების მიმართ ბრძოლის გაძლიერებაა.
„ბოლო 6 წლის განმავლობაში მზარდია არსებითი განხილვის საფუძველზე გამოტანილი განაჩენებიდან, გამამართლებელი განაჩენების წილი, რომელიც 2025 წელს 17%-ით განისაზღვრა. ამ მაჩვენებელში ოჯახურ დანაშაულებზე დამდგარი გამამართლებელი განაჩენების წილი 11,4%-ია, რაც სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული“, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა.
მისი თქმით, პროკურატურას ცალკეულ დანაშაულებზე საპროცესო შეთანხმებისა და დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების პრაქტიკის წახალისებისა და ზრდის პოლიტიკა აქვს დეკლარირებული, რომელიც ხელს უწყობს სწრაფ მართლმსაჯულებას, დაზარალებულის უფლებების დროულ აღდგენას, ზოგავს ადამიანურ და მატერიალურ რესურსს.
„2025 წელსაც შენარჩუნდა საპროცესო შეთანხმების გამოყენების მზარდი დინამიკა, წინა 5 წელთან შედარებით, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს - 86.5%-ს მიაღწია და 12,8%-ით გაუსწრო წინა წლის ყველაზე მაღალ შედეგს. ასევე შენარჩუნდა გამოძიების ადრეულ ეტაპზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების მაღალი მაჩვენებელი - 65,8%“, - აღნიშნა მომხსენებელმა.
გიორგი გვარაკიძის განცხადებით, კვლავ მაღალია და ყოველწლიურად მზარდია სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელი, რომელმაც 2025 წელს 58,7% შეადგინა, ხოლო თანხის ოდენობამ - 57 მილიონ ლარს გადააჭარბა.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ პროკურატურა მკაცრ და თანმიმდევრულ სისხლის სამართლის პოლიტიკას აგრძელებს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ.
„წინა 5 წლის მსგავსად, განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტებზე თავისუფლების აღკვეთის გამოყენების მაჩვენებელი კვლავ 100%-ია. სტაბილური, 95%-იანი მაჩვენებელია შენარჩუნებული ყაჩაღობის ფაქტებზე. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისას თავისუფლების აღკვეთის წილმა, წინა წელთან შედარებით, 4%-ით მოიმატა და 78% შეადგინა“, - განაცხადა მომხსენებელმა.
განრიდების გამოყენების არსებულ პრაქტიკაზე საუბრისას, გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, რომ 2025 წელს 2 499 სრულწლოვანი განრიდდა, რომელთაგან 2 271 პირი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულზე იყო ბრალდებული.
საქართველოს გენერალური პროკურორის განცხადებით, დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტებია.
მისი თქმით, 2025 წელს დაზარალებულის სტატუსი 17 209 პირს მიენიჭა და მათი უმრავლესობა - 91,8% სრულწლოვანი იყო, ყველაზე ხშირად კი მოქალაქეები ქურდობამ, ოჯახში ძალადობამ, ძალადობამ, თაღლითობამ და სატრანსპორტო დანაშაულმა დააზარალა.
გიორგი გვარაკიძის განცხადებით, 2025 წელს პროკურატურა პრიორიტეტულად ზრუნავდა არასრულწლოვანთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასა და მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებაზე საქმეთა მონიტორინგის, კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის, სახელმძღვანელო მითითებებისა და საინფორმაციო ბროშურების შემუშავების, ამ საკითხებზე მომუშავე სპეციალიზებულ სუბიექტებთან კომუნიკაციის გაძლიერების გზით.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ასევე ისაუბრა ცალკეული გავრცელებული, პრიორიტეტული და ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის წლიურ შედეგებზე.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა დადებითად შეაფასეს „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში.
